რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგარეო უწყება: რუსეთის გადაწყვეტილება არაჰუმანური გამოვლინებაა

ტაბულა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, საქართველოსთან გაწყვიტოს შეთანხმება მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ, არაჰუმანური გამოვლინებაა. 

"მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს საომარი მოქმედება, ხელშეკრულების გაწყვეტა თუ ადამიანების დაკავება, ეს არის ისევ და ისევ ის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი უკვე წლების მანძილზე ატარებს. ვიტყოდი, რომ ეს არის აგრესიული პოლიტიკა. ამ შემთხვევაში კი ეს არის არაჰუმანური გამოვლინება", - განაცხადა დავით კერესელიძემ და აღნიშნა, რომ რუსეთისგან ეს ქმედება გასაკვირი არ იყო. 

რუსეთი აპირებს, საქართველოსთან გაწყვიტოს შეთანხმება იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ პატიმრობა და სასჯელს იხდიან. ინტერფაქსის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, შესაბამისი შეტყობინება ქართულ მხარეს გაუგზავნოს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა. 

ცნობისთვის, შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. მას ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.

 

კომენტარები