ქართველები უკრაინაში

სააკაშვილი გავლენიან უკრაინელ ბიზნესმენს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი და გავლენიანი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დადანაშაულა. მან ამის შესახებ კოლომოისკის კუთვნილი ტელეარხისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, კოლომოისკი მას პირადად ემუქრებოდა. ოდესის გუბერნატორისა და კოლომოისკის გუნდის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სააკაშვილი ქალაქ ჩერნიგოვში ჩავიდა, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პოროშენკოს ბლოკის კანდიდატის მხარდასაჭერად, რომლის მეტოქეც კოლომოისკისთან დაახლოებული ბიზნესმენია.

"მაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ამიტომაც ნერვიულობს თქვენი არხის მფლობელი. რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ვერ მომისყიდის და ვერ დამაშინებს, მან მუქარები უკვე შემომითვალა. როდესაც ის საქართველოში მუშაობდა, ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობამ გადასახადების გადახდა აიძულა. ჩვენი სამართალდამცველების პატიოსან ნაწილს უკვე აქვს სერიოზული მტკიცებულებები იმის თაობაზე, როგორ ხდება ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება, მოძრაობა საბაჟოზე", - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები