დენის ტარიფი

სემეკმა თბოელექტროსადგურების მოთხოვნა ტარიფის ზრდაზე დააკმაყოფილა

info9.ge

დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი გაზრდილი ტარიფი დაადგინა. სადგურებმა ტარიფის ზრდის მოთხოვნა სემეკში ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის გამო შეიტანეს. თბოელექტროსადგურები ელეტროენერგიას ბუნებრივი აირის მეშვეობით აწარმოებენ, რომლის შესყიდვაც დოლარში ხდება, ლარის გაუფასურების გამო კი არსებული ტარიფი მათთვის აქამდე წამგებიანი იყო. სემეკმა ახალ ტარიფში კომპანიების არსებული ზარალიც გაითვალისწინა. 

ელექტროენერგიის მოქმედი შესასყიდი ტარიფი რამდენიმე კომპანიისთვის შეიცვალა: შპს ჯიფაუერის ტარიფი 7.397-დან 7.534-მდე გაიზარდა, შპს მტკვარი ენერგეტიკის ტარიფი - 7.229-დან 10.881-მდე, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ტარიფი კი - 7.319-დან 10.134-მდე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამანაწილებელი კომპანიები ამჟამად ზარალზე მუშაობენ. სემეკში ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა საქართველოს ყველაზე ფართო სადისტრიბუციო კომპანიას ენერგო-პრო ჯორჯიასაც აქვს შეტანილი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყნის 70%-ს დენის ტარიფი გაეზრდება. მთავრობამ ამ შემთხვევაში ტარიფის სუბსიდირებაზე შეიძლება იმსჯელოს, თუმცა ბიუჯეტში დენის სუბსიდირებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. 

 

კომენტარები