მაისურები წარწერით "ამ ჩემს პანორამას" დღევანდელ აქციაზე გაიყიდება

პარტიზანული მებაღეობა თბილისში

მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის ინიციატივით, პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე კოჯრის გზაზე, პანორამა თბილისის მშენებლობის ადგილას შეიკრიბებიან. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სთხოვენ, თან იქონიონ სახმაუროდ გამოსადეგი ატრიბუტიკა. დღევანდელ აქციაზე გაიყიდება მაისურები წარწერებით "ამ ჩემს პანორამას“.

"რადგან სამართალმა ომი გამოგვიცხადა და არღვევს ჩვენს უფლებებს, აქციაზე გაიყიდება მაისურები წარწერებით "ამ ჩემს პანორამას", "პანორამაზეც ბანტი", "პანორამის წელვას შეეშვით". ნახონ, საიდან მოგროვდება თანხა და ქალაქშიც ახალი წარწერებიანი ადამიანები იმატებენ, თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები“, - აღნიშნულია პარტიზანი მებაღეების ფეისბუქ გვერდზე.

მაისურის ფასი იქნება 12 ლარი და შემოსული თანხით პარტიზანი მებაღეები სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას აპირებენ.

თბილისის საკრებულოსთან პროექტ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციის ათი მონაწილე სამართალდამცველებმა გასულ კვირას, 19 ივლისს დააკავეს. ამის მიზეზი აქციაზე გამოყენებული პლაკატები გახდა, რომლებსაც უცენზურო წარწერები ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აქციის მონაწილეთა დაკავებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ. სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ გამოყენებული პლაკატებით ვინმეს პირისპირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ფაქტი არ წამოადგენდა წვრილმან ხულიგნობას.

23 ივლისს სასამართლომ 10 დაკავებულიდან 7 ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული მათგანი 100 ლარით დააჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

კომენტარები