რუსული ემბარგო

დანელია: ჩემი მრჩევლის ვიზიტს მოსკოვში პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი სამუშაო ვიზიტით 13 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრებს გამართავს. ის როსელხოზნადზორის ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტს შეხვდება. მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. მისივე თქმით, შეხვედრებზე შესაძლო ემბარგოზე საუბარი არ იქნება, რადგან მრჩეველს ამის უფლებამოსილება არ აქვს.

"იყო ადრეც ეს შეხვედრები, პირველი არ გახლავთ და კიდევ იქნება მომავალში, რომ ზუსტად გვესმოდეს ურთიერთთანამშრომლობის ნორმები და პრინციპები. მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება, სხვას არაფერს. მინისტრის მრჩეველს არ აქვს უფლებამოსილება, ამ თემაზე ისაუბროს. ჩემს მრჩეველს აქვს მხოლოდ უფლებამოსილება, ისაუბროს იმ თემებთან დაკავშირებით, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ეხება. შესაბამისად, ეს უკვე პოლიტიკური ჭრილია და, რა თქმა უნდა, ეს უფლებამოსილება არ გავრცელდება", - თქვა დანელიამ.

გასულ კვირას რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი იმ ქვეყნების სიის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა, რომლებსაც ოფიციალურმა მოსკოვმა სანქციების საპასუხოდ ემბარგო დაუწესა. საუბარია დამატებით 7 ქვეყანაზე, მათ შორის - საქართველოზე.

კომენტარები