city პარკი

ნარმანია CITY პარკზე: უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "თუ ჩვენს შეთავაზებულ გონივრულ ცვლილებებზე სითი პარკი არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ". დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ნარმანიამ თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის მერიამ სითი პარკს გადაუგზავნა წინადადებები, რაც ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. 

"ამ ცვლილებების უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად, ძირითადად ინვესტორის, სითი პარკის ინტერესებზეა მორგებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დედაქალაქისთვის არის საზიანო. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება იყოს უფრო მეტად დაბალანსებული, შემოსავლების განაწილება კომპანიასა და დედაქალაქის ბიუჯეტს შორის იყოს სამართლიანი და თანასწორი. ერთი წლის წინ, როცა ჩვენ მოვედით, მაშინვე შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავაბრუნეთ შემოსავლების განაწილების უფრო სამართლიანი მოდელი. ამის საფუძველზე დედაქალაქის ბიუჯეტს ეკუთვნის თანხა, რაც დღემდე არ მიგვიღია კომპანია სითი პარკისგან, ამიტომ ამ თანხის ანაზღაურება ჩვენთვის პრინციპულია, ისევე, როგორც ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ეს ის მინიმალურად აუცილებელი საკითხებია, რომლებიც ჩვენ დავაყენეთ უშუალოდ სითი პარკის წინაშე. უახლოეს დღეებში სრულად გვეცოდინება მათი პოზიცია. თუ ამ გონივრულ ცვლილებებზე კომპანია არ წამოვა, უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ნარმანიამ. 

კომენტარები