კურილიის კუნძულები

კურილიის კუნძულებზე მედვედევის ვიზიტმა იაპონია აღაშფოთა

facebook.com/Dmitry.Medvedev

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გადადო და აღშფოთება გამოთქვა რუსეთის პრემიერის დმიტრი მედვედევის კურილიის კუნძულებზე ვიზიტის გამო. ფუმი კისიდამ ოფიციალური პროტესტი ტოკიოში რუსეთის ელჩს გამოუცხადა.

რუსეთს პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა კუნძული იტურუპი 22 აგვისტოს მოინახულა. იტურუპს, კიდევ სამ კუნძულთან ერთად, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა, იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს. ამ მიზეზით ოქ ქვეყანაში შორის დღემდე სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მედვედევის ვიზიტი „გულს ტკენს იაპონიის მოსახლეობას". „შეშფოთებულნი ვართ რუსეთის არაერთგზის გამეორებული ცალმხრივი ქმედებებით ჩრდილოეთის ტერიტორიების მიმართ. დაჟინებით მოვითხოვთ კონსტრუქციულ პოზიციას იაპონია-რუსეთის ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პრობლემასთან დაკავშირებით", - აცხადებს ოფიციალური ტოკიო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის თანამდებობის პირები კურილიის კუნძულებზე კვლავაც ჩავლენ, იაპონიის აღშფოთება კი მოწმობს, რომ ამ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვა სურს.

კომენტარები