მინდია უგრეხელიძე

მთავრობამ მინდია უგრეხელიძე ვენეციის კომისიის წევრად წარადგინა

მინდია უგრეხელიძე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მთავრობამ ვენეციის კომისიის წევრად მინდია უგრეხელიძე წარადგინა. ამის შესახებ მინისტრმა მაესტროს ეთერში ისაუბრა.

"საქართველოს მთავრობამ გიორგი პაპუაშვილის შემცვლელად რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიაში დაასახელა ბატონი მინდია უგრეხელიძე," - აღნიშნა წულუკიანმა.

მინდია უგრეხელიძე 1986-88 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, 1983 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ, 1988-1990 წლებში რედაქტორობდა გაზეთ კომუნისტს. 1990 წელს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებზე კომპარტიის სიით აირჩიეს უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1985-1987 წლებში საავტორო მონაწილეობა მიიღო რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მოდელის შემუშავებასა და წიგნად გამოცემაში. 1990-1999 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ხოლო 1999-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე. ამჟამად არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი.

მინდია უგრეხელიძის შვილი, პაპუნა უგრეხელიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ 29 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა სამართლებრივი ხარვეზების არსებობის მოტივით არ დაარეგისტრირა. შპს საქართველო 1 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დააყადაღეს.

უგრეხელიძის მეუღლე, ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.  

კომენტარები