ევრო 2016

ევრო 2016-ის მონაწილე 20 გუნდის ვინაობა ცნობილია

uefa.com

2016 წელს საფრანგეთში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუშინ ღამით დასრულდა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ნაწილი და ცნობილი გახდა 20 მონაწილე გუნდის ვინაობა.

საფრანგეთმა, როგორც მასპინძელმა, ტურნირზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა. მას დაემატა 18 გუნდი, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში პირველი და მეორე ადგილები მოიპოვეს. მათ კიდევ დაემატათ საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილოსანი გუნდი. დანარჩენი 8 მესამე ადგილოსანი კი პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას და შედეგად უკვე კვალიფიცირებულ 20 გუნდს კიდევ 4 გუნდი დაემატება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ჯგუფებიდან პირველი და მეორე ადგილებით გავიდნენ: ჩეხეთის, ისლანდიის, ბელგიის, უელსის, ესპანეთის, სლოვაკეთის, გერმანიის, პოლონეთის, ინგლისის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, რუმინეთის, ავსტრიის, რუსეთის, იტალიის, ხორვატიის, პორტუგალიისა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები.

საუკეთესო შედეგის მქონე მესამეადგილოსანი - თურქეთის ეროვნული ნაკრები გახდა. პლეი-ოფში კი, მონაწილეობას მიიღებენ: უნგრეთის, უკრაინის, ნორვეგიის, დანიის, შვედეთის, ირლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და სლოვენიის ნაკრებები. პლეი-ოფის კენჭისყრა კვირას ჩატარდება. პირველი მატჩები 12, 13, 14 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 15, 16, 17 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ნაწილში მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღო. D ჯგუფში, რომელშიც, საქართველოს გარდა, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, შოტლანდია და გიბრალტარი იყვნენ, საქართველომ 9 ქულა მოიპოვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

კომენტარები