აბრეშუმის გზის ფორუმი

ღარიბაშვილი: ჩინეთში ექსპორტზე ღვინო და მინერალური წყალი გავა

ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო - ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე განაცხადა, რომელიც, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.

"დღეს აქ ხელი მოეწერა საქართველოდან, ქართული ღვინის ექსპორტის თაობაზე ხელშეკრულებას. მხოლოდ დასაწყისისთვის, მხოლოდ ერთმა კომპანიამ დღეს უკვე გააფორმა ხელშეკრულება მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტზე ჩინეთში. ასევე, 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი ექსპორტზე გავა ჩინეთში. ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც დღეს აქ გავაფორმეთ ერთობლივად. მე ეს მაგალითები მოვიყვანე იმისთვის ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები არის სულ უფრო მზარდი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად, არის ჩინეთის მთავრობა.

„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს. გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

კომენტარები