ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 1.1 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარი დოლართან მიმართებით 1.1 თეთრით გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4049 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 3.88 თეთრით გამყარდა. ლარი დოლართან მიმართებით გასული კვირის მანძილზე მყარდებოდა.

მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელის, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს. ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია.

გამყარების მოლოდინის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრომ 2016 წლის ბიუჯეტის მეოთხე თავში დოლარის სავარაუდო კურსად 2.40 ლარი განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას არ ელოდება.

ლარის გაუფასურება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. წლევანდელი სავალუტო კრიზისის მინიმუმი კი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები