სამომხმარებლო კალათა

ოქტომბერში ინფლაციამ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა

ტაბულა

2015 წლის ოქტომბერში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაც 2015 წლის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულ ბანკს 2015 წლის საპროგნოზო ინფლაციად 5% აქვს განსაზღვრული. უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რათა ფასების სტაბილურობას შეუწყოს ხელი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ოქტომბრის ინფლაცია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. სხდომაზე ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ან შერბილების შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%-ია.

"ხვალ გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა და, შესაბამისად, ამ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, სადაც იქნება განხილული ყველა ის მონაცემი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს ინფლაციასთან და ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღეს ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ მაჩვენებლები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არის შესაბამისობაში იმ პროგნოზთან, რა პროგნოზსაც ჩვენ მანამდე ვაქვეყნებდით. დეტალური განმარტებები ინფლაციაზე გაკეთდება ხვალ", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 

ინფლაცია წლის მანძილზე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა: 2015 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 2% იყო, მეორე კვარტალში 3%-იან ნიშნულს გადააჭარბა, მესამე კვარტალში 5% გახდა, მეოთხე კვარტლის პირველი თვის - ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი კი ეროვნული ბანკის საპროგნოზო ნიშნულს 0.8%-ით აჭარბებს. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 4.1%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 13.5%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.3%-იანი გაძვირება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 8.2%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 3.1%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 11.1%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 1.1%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 0.5%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 6%-იანი გაძვირება
  • განათლება - 4.3%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.5%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 8.7%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

ოქტომბერში ინფლაცია 5.8% იყო
ფოტო: საქსტატი

მონეტარული პოლიტიკის გამკარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გაუზრდის მის მიერ მიწოდებული რეფინანსირების სესხის განაკვეთს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დადებითთან ერთად უარყოფითი ეფექტიც აქვს, რადგანაც ამ დროს ლარში გაცემული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების ღირებულება ძვირდება. 

კომენტარები