გამოხატვის თავისუფლება

კათოლიკე ეკლესია საქართველოში: ღვთისმშობელს ჩვენი გამოსარჩლება არა სჭირდება

აკაკი ჭელიძე

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია მხატვარ ლია უკლებას "თვითმკვლელ ღვთისმშობლად" წოდებულ გამოსახულებას ტაბულასთან საუბარში გამოეხმაურა. ნამუშევარი, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტი მოჰყვა, კანცლერის, მამა აკაკი ჭელიძის შეფასებით, პროტესტს არ საჭიროებს.

"არც ღმერთს და არც ღვთისმშობელს ჩვენი გამოსარჩლება არა სჭირდება. შესაძლოა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა დაბრკოლდა და აღშფოთდა ამ სურათის გამო და საჭიროა ამის მხედველობაში მიღება, რათა საუკეთესო განზრახვით არ გავხდე ვინმეს დაცემის მიზეზი. თუმცა, სიმართლეა ისიც, რომ ხელოვნების ყოველი ნიმუშის შესაფასებლად გვმართებს ვიკითხოთ, თუ რისი თქმა სურდა ავტორს თავის ნაშრომში.

თუკი საქმე გვაქვს ყოველგვარი აზრისაგან დაცლილ მუქთა უხამსობასთან, ნათელია, რომ ამ შემთხვევვაში მეტის თქმა, რამის დამატება სრულებით უადგილო იქნებოდა.
ხოლო, თუ საქმე გვაქვს ისეთ მესიჯთან, რომელსაც სურს მნახველი დააფიქროს, თუნდაც მტკივნეულად - როგორც ამ შემთხვევაში ჩანს და, როგორც აცხადებს თავად ავტორი - მიგვაჩნია, რომ უსარგებლო დროის კარგვაა პროტესტი: ვინც უარს ამბობს, ათხოვოს ყური ამ ნახატის სათქმელს, განაგრძოს თავის გზა, ვინც ამ ნათქვამს გაითვალისწინებს და გაფრთხილდება მომავლისათვის, ალბათ, თავის სასარგებლო პიროვნულ ზრდას შეძლებს", - განუცხადა ტაბულას მღვდელმა აკაკი ჭელიძემ.

კომენტარები