გამოხატვის თავისუფლება

"ეს გასაკეთებელია" – წულუკიანს "პედაგოგიური სამუშაოს" შემდეგ მედიის კანონით რეგულირება სურს

POS TV

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მედიის ნაწილში, "ტყუილი ამბების პირობებში" გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. თუმცა, ვიცეპრემიერმა Post Tv-ის ეთერში თქვა, რომ ამისთვის საზოგადოების მომზადებაა საჭირო. წულუკიანს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების რეგულირება კანონმდებლობით შალვა რამიშვილმა შესთავაზა და უთხრა, რომ სურს "Fake News-ების რაოდენობა შემცირდეს".

პასუხად, ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ "კანონი, რა თქმა უნდა, საჭიროა", მაგრამ ეს არ არის პოლიტიკურად პოპულარული თემა და ამ კუთხით საზოგადოებასთან სამუშაოა.

"თქვენს ეთერში რომ ვთქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ის ერთერთი თავისუფლება, რომელსაც აქვს მკაფიო ზღვარი, ეს შეიძლება ჩაითვალოს სკანდალურ განცხადებად, [ჩათვლიან], რომ მე მინდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ამ ფეიკ ნიუსების, ტყუილი ამბების გადაცემის პირობებში გაჯდა აზრი, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი ღვთაება, არადა, გამოხატვის თავისუფლება ერთადერთი მუხლია ევროპულ კონვენციაში, რომელზეც პირდაპირ წერია, რომ მას ახლავს მნიშვნელოვანი ვალდებულებები, მედიის ნაწილში ერთერთი ვალდებულებაა, რომ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება". – თქვა წულუკიანმა Pos Tv-ის ეთერში და აღნიშნა, რომ "პრობლემა გაცილებით ღრმაა და კომპლექსური", ვიდრე ერთი კანონის მიღება.

"კანონპროექტის დაწერაზე ადვილი არაფერია, იუსტიციის მინისტრობისას ასეთი კანონპროექტი დაგვიწერია კიდეც, მაგრამ ის შემოდებული იქნა თაროზე ბევრჯერ, რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად პოპულარული თემა, არადა, მე ვფიქრობ, ეს გასაკეთებელია.

ვითომ მოდა და ტრენდი მკვიდრდება მიზანმიმართულად, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი, ამ დროს ეს ასე არ არის. ამ პირობებს სხვანაირი მომზადება სჭირდება და შემდეგ შეიძლება მხოლოდ, იმიტომ, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე ადვილი არაფერი არ არის, ერთ დეპუტატს შეუძლია, მთავარია იქამდე პრაქტიკულად პედაგოგიური სამუშაო, საბაზისო ცოდნა ადამიანის უფლებებში, აქ არის სამუშაო, როცა სტრატეგიაზე ვლაპარაკობთ, სანამ კანონპროექტს დავაინიცირებთ". – თქვა წულუკიანმა.

საქართველოს მთავარი კანონის, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ცენზურა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კანონმდებლების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ამ ნორმის გვერდის ავლის მცდელობა.

2004 წლიდან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ახალი კანონით ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, საქართველო გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ სტანდარტზე გადავიდა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების ან ცილისწამების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს, ცხადია, აქვს უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. თუმცა მან უნდა ამტკიცოს, რომ ამ ინფორმაციის შედეგად კონკრეტული ზარალი მიიღო, შეილახა მისი პატივი და ღირსება.

სიძულვილის ენისა და ცილისწამების რეგულირების შესახებ განცხადებებს გასულ წლებში აქტიურად აკეთებდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პატრიარქი და პარლამენტის თავმჯდომარე. გამოხატვის თავისუფლების რეგულირება სურდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც. 

კომენტარები