მოწმის დაკითხვა

წულუკიანის პროექტი: მოწმის სავალდებულო დაკითხვა დაცვის მხარის გარეშე ჩატარდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის და, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევებში, თუ მოწმე უარს იტყვის ნებაყოფლობითი გამოკითხვის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს ექნება უფლება, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე უკვე სავალდებულო წესით დაკითხოს იგივე პირი. დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ისინი აცხადებდნენ, რომ მომზადებული ცვლილებები თვისობრივად შეუთავსებელია მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან. ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, მხარი დაეჭირათ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოწმეთა დაკითხვის წესისთვის, რომელიც ითვალისწინებს გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. აღსანიშნავია, რომ ამ წესის ამოქმედება 2009 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო.

საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა:

"კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი სიახლე ისაა, რომ, როგორც წესი, მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი ხდება: მას ვერავინ აიძულებს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს, ან კიდევ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი ფუძემდებლური სტანდარტია ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში. ამ წესის საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში შემოტანის შესახებ არაერთი რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. თუმცა, მოწმის მიერ ნებაყოფლობით მიცემული ჩვენება უნდა იყოს ზუსტი და განზრახ არ შეჰყავდეს გამოძიება შეცდომაში.

იმ შემთხვევებში, თუ მოწმე უარს იტყვის ნებაყოფლობითი გამოკითხვის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს ექნება უფლება, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე უკვე სავალდებულო წესით დაკითხოს იგივე პირი. მოწმის დაკითხვის ასეთი წესი, ერთი მხრივ, გამორიცხავს მოწმეზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელებას, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს გამოძიებას, მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა ხელი არ შეეშალოს საგამოძიებო პროცესს.

პირის მოწმედ დასაკითხად მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი ან გამომძიებელი. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე; დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, მოწმის დაკითხვა ხდება მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომისას დაწყებული დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან, ვინაიდან ეს არ არის საქმის განხილვის ეტაპი, რეალურად საქმე გვაქვს საგამოძიებო მოქმედების − მოწმის დაკითხვის − სასამართლო დარბაზში გადატანასთან, რაც მოწმის დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანი სიახლეა. თუმცა, დაცვის მხარეს აუცილებლად მიუწვდება ხელი ამგვარი დაკითხვის ოქმზე. უფრო მეტიც, მას წინასასამართლო სხდომაზე შეუძლია, მოითხოვოს ამ ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, საქმის არსებითი განხილვისას კი უფლება აქვს, ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე და გამოავლინოს შეუსაბამობები მის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის. ამ მიზნით მხარეს შეუძლია, მოითხოვოს მოწმის მიერ მაგისტრატი მოსამართლისათვის მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა ისე, რომ არ დასჭირდეს იმის მტკიცება, რომ ეს ჩვენება მუქარის ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული. ეს წესი კანონპროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და სრულად იცავს დაცვის მხარის უფლებებს.

სამინისტროს ინფორმაციით, "ამით ხდება ეუთო-ს 2014 წლის "სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში" ასახული რეკომენდაციის გათვალისწინება, რომლის თანახმადაც, მხარეს მოწმის ჩვენებების გასაჯაროებისა და მათ შორის არსებითი წინააღმდეგობის სადემონსტრაციოდ არ უნდა დასჭირდეს მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს, როგორც ამას ითვალისწინებს დღეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. მოწმის დაკითხვის ამ წესის შემოღება სამართალდამცავ ორგანოთა გადამზადების გააქტიურებას მოითხოვს".

"ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთხელ გადადებულიყო მოწმის დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა, კონსულტაციების შედეგად შევჯერდით, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული მოდელი სრულად ამუშავდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან ყველა დანაშაულთან მიმართებით, ხოლო ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როგორიცაა, მაგალითად, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ძარცვა, ყაჩაღობა, ტერორიზმი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ეს წესი ამოქმედდება 2017 წლის 31 დეკემბრიდან, რა დროშიც როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ისე სასამართლოსაც უფრო სერიოზული მომზადება მოუწევთ. ამ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა შედგა მთავრობის სხდომაზეც", − თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა..

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენენ.

საკანონმდებლო ინიციატივაზე ოთხი სამთავრობო უწყება − იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ერთობლივად მუშაობდა. პროექტის შემუშავებაში, ასევე, ჩართული იყვნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები. ამასთან, სამინისტროს ცნობით, არაერთი შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების, ადვოკატებისა და მართლმსაჯულების ხელმძღვანელთა მონაწილეობით.

კომენტარები