სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული

NGO-ები: მიხეილ ხუნდაძის დაჭრის საქმეში სიძულვილის მოტივი გასათვალისწინებელია

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვანია, სტუდიო კამპუსის დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრას სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს. მათი განცხადებით, გამოძიებამ საქმეში მკვეთრად გამოხატული რელიგიურ-იდეოლოგიური ნიშნით სიძულვილის მოტივი უნდა გაითვალისწინოს. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებული იდეოლოგიისა და რწმენის ადამიანებს შეუწყნარებლობის მოტივით თავს ესხმიან, ფიზიკურად ძალადობენ მათზე და უზღუდავენ პირად თუ საჯარო სივრცეს.

"ასეთ დროს, ძალადობის პრევენციის მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება. ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, იდენტობა და მედიის განვითარების ფონდი (MDF).

15 ნოემბერს, სტუდიო კამპუსის დირექტორი მიხეილ ხუნდაძე ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი კამპუსის ორგანიზებით მოწყობილ საჯარო ლექციაზე, მილორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. დაზარალებული ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის. მიხეილ ხუნდაძის თქმით, თავდამსხმელთა გაღიზიანება, სავარაუდოდ, სტუდიო კამპუსში ჩატარებული ლექციების შინაარსმა გამოიწვია.

„ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი საჯარო ლექცია გავაკეთეთ ნიცშეზე, ნოემბრის დასაწყისში. გაჟღერდა ნიცშეს ტექსტის განსაზღვრება, რომელიც არის "ასე იტყოდა ზარატუსტრაში" – „ღმერთი მოკვდა". ლექციაზე ბევრი სტუმარი გვყავდა, 180 სტუდენტი, ამიტომ გამოვიყენეთ ხმის გამაძლიერებლები და ეს ხმები უბანშიც ისმოდა. ვვარაუდობთ, ამის გამო ჩათვალეს, რომ ჩვენ სექტანტები და სატანისტები ვართ", - ამბობს ხუნდაძე ლიბერალთან საუბარში. 

მომხდარს მიზანმიმართულ დისკრიმინაციად და ძალადობად აფასებს სტუდიო კამპუსი. ბიბლიოთეკა ძველ ტერიტორიაზე ფუნქციონირებას წყვეტს და ალტერნატიულ სივრცეს ეძებს. 

"მოგეხსენებათ, კამპუსი არის ბიბლიოთეკა, თავისუფალი სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცე. მისი ფორმატი ითავსებს საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობებს. კამპუსის ატმოსფეროს სტუდენტები და პროფესიონალები ერთობლივად ქმნიან. კამპუსი მდებარეობს ვერაზე, მილორავას ქ. # 8ა-ში, ბელინსკისა და არაგვის ქუჩებს შორის. კვირა საღამოს, 15 ნოემბერს კამპუსში მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი. როგორც ჩანს, "უბანში" არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად, მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე. არატოლერანტული დამოკიდებულება გადაიზარდა აგრესიაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. ცივი იარაღით, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო კამპუსის დირექტორმა მიხეილ ხუნდაძემ. საბედნიეროდ, მიშა გადარჩა და მძიმე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი მომხდარს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრიმინაციას და ძალადობას ზოგადად მსგავსი ნიშნის მატარებელი ნებისმიერი თავისუფალი სივრცის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტი არა მხოლოდ ერთი "უბნის", არამედ საზოგადოების პრობლემაა. კამპუსი აცნობიერებს, რომ ის მახინჯი, იდეოლოგიზირებული ინტერპრეტაციის მსხვერპლია, რომლის უკან "სოციალური ნორმის" დამცველი, მოძალადე დისკურსი დგას. მიუხედავად "უბანში"არსებული ნეგატიური განწყობისა, უნდა აღინიშნოს, რომ "უბნელი" ახალგაზრდობის კეთილგანწყობილი ნაწილი დაინტერესებული იყო ჩვენი საქმიანობით და აქტიურად ერთვებოდა მუშაობის პროცესში. კამპუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცნობიერებულად წყვეტს ფუნქციონირებას. ამჟამად ჩვენ ალტერნატიული სივრცის ძიების პროცესში ვიმყოფებით. სივრცის მოძიებისთანავე გაცნობებთ ახალ ადგილმდებარეობას, სადაც კამპუსი განაახლებს მუშაობას", - ნათქვამია კამპუსის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები