თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: ვურჩევთ რუსეთს, ცეცხლს არ ეთამაშოს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი რუსეთს ურჩევს, "ცეცხლს არ ეთამაშოს". ასე უპასუხა მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრალდებებს, რომ თურქეთი ნავთობს ISIS-ისგან ყიდულობს და სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს მხარს უჭერს.

ერდოღანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მტკიცებულება, რომ სირიის რეჟიმი რუსული კომპანიებისა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობს ყიდულობს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაზიანება არ სურს.

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა სამშაბათს თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის SU24-ის ჩამოგდებას უკავშირდება. ოფიციალური ანკარის განცხადებით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მოსკოვი კი, საზღვრის დარღვევას უარყოფს და ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩრდილოეთ სირიაში დაფრინავდა. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მათ არ იცოდნენ, რომელი ქვეყნის თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, მათგან რეაგირება არ ყოფილა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ განხორციელებული დარტყმა". მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე გავლენას იქონიებს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა. საუბარია თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრებაზეც.

კომენტარები