NATO-საქართველო

NATO: საქართველომ რეფორმების განხორციელება უნდა გააგრძელოს

NATO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან იმ პროგრესს, რასაც, მათი თქმით, საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. როგორც დოკუმენტში წერია, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისთვის.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის. მხარს ვუჭერთ საქართველოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია NATO-საქართველოს კომისიის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორის ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში.

ჩვენ გავაგრძელებთ არსებითი პაკეტის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს დახმარებას ალიანსის წევრობისთვის მზადებაში. რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ გზებს მხარდაჭერის გაძლიერებისთვის, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მიმართულებით და გავზრდით თანამშრომლობას თავდაცვასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში.

NATO აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ", - წერია კომუნიკეში.

კომენტარები