ინტერვიუ უილიამ კორტნისთან

კორტნი: ოპონენტების დევნა დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას

tvfree.ge

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ახალი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოწვევებზე საუბრობს. კორტნის ამერიკის ხმა ესაუბრა.

"ახალი პრემიერმინისტრი ორი გამოწვევის წინაშე დგას - განამტკიცოს კანონის უზენაესობა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, რათა ეკონომიკა გაიზარდოს. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გარემოება დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას. საქართველომ ბევრი სხვა მიმართულებით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობის გაძლიერება საქართველოს მთავრობას შინ მეტ ლეგიტიმურობას შესძენს, საზღვარგარეთ კი აამაღლებს ქვეყნის რეპუტაციას. ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ შეუძლიათ კანონის უზენაესობის იმედი ჰქონდეთ, როდესაც საქართველოში ფულს ჩადებენ. თუ ნახეს, რომ მართლმსაჯულება შერჩევითი ხასიათისაა და პოლიტიკურადაა მოტივირებული, ინვესტორების ნდობა შემცირდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ პრობლემების შემთხვევაში, კანონის უზენაესობა დაიცავთ", - ამბობს კორტნი.

უილიამ კორტნი თვლის, რომ დასავლეთთან თანამშრომლობის განსამტკიცებლად საჭიროა მთავრობის მეთაურმა კანონის უზენაესობისა და სამართლიანი არჩევნების ამოცანები გადაჭრას. 

"უპირველეს ყოვლისა, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა უნდა განამტკიცონ კანონის უზენაესობა, მოემზადონ პატიოსანი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნები შეფასდეს, როგორც სრულიად თავისუფალი და სამართლიანი. ეუთო-მ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა აღიაროს. ამგვარად, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გადაჭრას იმის პარალელურად, რომ საშინაო და საგარეო ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს", - ამბობს კორტნი.

კომენტარები