ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: ვვარაუდობთ, რომ ლარი 2.4-იან ნიშნულს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკის პროგნოზის მიხედვით, დოლართან მიმართებით ლარის კურსის 2.4-იან ნიშნულზე დაბრუნება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. გიორგი ქადაგიძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო რყევებს უკავშირებს. 

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - ამბობს ქადაგიძე.

იანვარში სებ-მა საკუთარი რეზერვებიდან $40 მილიონი დახარჯა. 25 იანვარს კი ლარის არსებობის ისტორიაში გაუფასურების ახალი მინიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.49 ლარი ღირს, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელს 2 თეთრით აღემატება.

ქვეყანაში შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროები, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს. ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას იმპორტის შემცირება აბალანსებს. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იანვარში იმპორტი 25%-ით შემცირდა, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებას აბალანსებს, ამიტომაც ქუმსიშვილი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო რყევებს უკავშირებს. 

კომენტარები