შეზღუდვები გზებზე

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოხსნილია და მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.

"რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ჩოლოქის ხიდი–სარფის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები