შეზღუდვები გზებზე

25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00-მდე რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

პირველი რესპუბლიკის მოედანი

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება, ავტომობილებისთვის კი მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს.

"დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს". - წერს თბილისის მერია.

26 მარტს, ერთა ლიგის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. საფეხბურთო მატჩის ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე მოეწყობა.

კომენტარები