არჩევნები გარდაბანში

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. 08:00 საათზე გაიხსნა ყველა - 63 ძირითადი და 1 სპეცუბანი. გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე სერიოზული დარღვევა უბნებზე არ დაფიქსირებულა. 

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ს შეადგენს. კენჭისყრის პროცესს აკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) 8 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიას, ცესკოში აკრედიტაცია თერთმეტმა მედიაორგანიზაციამ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 28 იანვარს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

"28 იანვარს დილის 7:00 სთ-იდან ღამის 12:00 სთ-მდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, (2 51 00 51), ასევე, ონლაინჩატი და ონლაინოპერატორი (www.cesko.ge). მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - აცხადებენ ცესკოში.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 28 იანვარი უქმე დღეა.

კომენტარები