არჩევნები გარდაბანში

ცესკო: გარდაბანში არჩევნები მშვიდ და ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში ხმის მიცემის პროცესი "მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს". ცესკოში კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

„საარჩევნო უბნები ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისივე განმარტებით, №30-ე და №54-ე უბნებზე კენჭისყრის წინა პროცედურები დადგენილზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ ორივე უბანზე უკვე პირველი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი ყველანაირი შეფერხებების გარეშე წარიმართა.

ანა მიქელაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება 20:00-მდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

კომენტარები