არჩევნები გარდაბანში

ISFED: ხიდაშელმა NGO-ების მიმართ უფრო მეტი კორექტულობა უნდა გამოიჩინოს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ორგანიზაცია ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ სპეცუბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. ხიდაშელმა NGO-ებს "მეტი პროფესიონალიზმისკენ" მოუწოდა, რაც სამართლიანი არჩევნების შეფასებით, არაკორექტულია.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 14 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა ე.წ. სპეციალური საარჩევნო უბანი. თავდაცვის სამინისტრომ ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხი 26 იანვარს გაგვცა და გამოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა იმ მიზეზით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი - კონტრაქტი, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შექმნილ სპეცუბანთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ნამდვილად გამოითხოვეს, დასტურდება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბესიკ ლოლაძის განცხადებით, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზის დათვალიერებისას გააკეთა.

თავდაცვის მინისტრს შევახსენებთ, რომ სპეცუბნებთან და ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ შენიშვნებს და მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატშიც აქტიურად აფიქსირებდნენ, რომლის სხდომებში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს, საკუთარ განცხადებების დროს გამოიჩინოს უფრო მეტი კორექტულობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და საზოგადოებას ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს" - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ "არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ. მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს იმიტომ, რომ ჩემთვის არის უძვირფასესი იმ ორგანიზაციის სახელი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი და ყველას მინდა საჯაროდ მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ".

კომენტარები