არჩევნები გარდაბანში

პრემიერი: დავწიოთ ტემპერატურა, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები". კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა. პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.

"გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა, ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს, ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები", – აღნიშნა პრემიერმა.

მანვე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა.

"მინდა, ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რამდენადაც ვიცი, ეს არის ფულადი ჯარიმები და სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები