ბათუმის წყალი

მოკვლევის დასრულებამდე, “ბათუმის წყლის” დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

ბათუმელები

ბათუმის წყლის დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე თანამდებობიდან გადადგა. ბათუმელების ცნობით, მიქელაძემ თქვა, რომ ის ნებაყოფლობით ტოვებს პოსტს. მისი განმარტებით, არ სურს, ხელი შეუშალოს გამოძიებას.

"მივიღე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. იმისათვის, რომ დაცული იქნას ბათუმის წყლის რეპუტაცია და პირადად ჩემი ღირსება", – თქვა მიქელაძემ.

ბათუმის წყლის დირექტორის გადადგომას წინ უსწრებდა ქვეყნის პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება. მან წყლის ხელმძღვანელის მიმართ არსებული ბრალდებების შესწავლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორმა ალექსანდრე მიქელაძემ რესტორანს წყლის მიწოდება იმის გამო შეუწყვიტა, რომ მას სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა თანამდებობა სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

ბათუმის წყლის დირექტორის მოვალეობას თეიმურაზ ბედინაძე შეასრულებს.

კომენტარები