მთავრობის სხდომა

პრემიერი: თუ მიქელაძემ რესტორანს წყალი მართლა გადაუკეტა, უნდა გათავისუფლდეს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ბათუმის წყლის ხელმძღვანელის მიმართ არსებული ბრალდებების შესწავლა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორმა ალექსანდრე მიქელაძემ რესტორანს წყლის მიწოდება იმის გამო შეუწყვიტა, რომ მას სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, ბათუმის წყლის ხელმძღვანელმა თანამდებობა სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

"მინდა, გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა და შემდგომ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები, ეს იყო ბათუმის წყლის ხელმძღვანელის საკითხი და იქ გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების შედეგად ბათუმში ერთ-ერთი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა მოხდა. მინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვო, მაქსიმალურად დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დეტალურად გარკვევის შემდეგ დადასტურდება, მინდა, ამ პიროვნებამ თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს. აუტანელია, ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და მოუწოდა ყველა საჯარო მოხელეს, იყვნენ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების. 

"შესაძლოა ეს იყოს უსაფუძვლო ბრალდება, მაგრამ მე მინდა, მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც საჯარო სივრცეში ვიმყოფებით, უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არა საბაბი, რომ საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი ტიპის კრიტიკა ისმოდეს", - თქვა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები