მთავრობის სხდომა

ვის რას ჰპირდება მთავრობა საარჩევნო წელს – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობის სხდომა

ვის რას ჰპირდება მთავრობა საარჩევნო წელს – 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. პრემიერის თქმით, მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 500 000 ლარი იქნება. ბიუჯეტის დეფიციტს შემდეგი წლისთვის 2.5% ვარაუდობენ. 

პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის 700-მილიონიანი ზრდა დააანონსა. დამატებითი შემოსავლების მობილიზება საბანკო სექტორიდან და აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოხდება. ახალი ბიუჯეტის გეგმით განსაზღვრულია ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ასევე, იზრდება სამინისტროების დაფინანსებები.

  • მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას პენსია 500 ლარამდე გაეზრდება, 400 ლარი ექნება 70 წელს ქვემოთ მოქალაქეებს. 
  • ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი 10%-ით. 

განათლების სამინისტროს დაფინანსება 160 მილიონით იზრდება და ჯამში 2.5 მილიარდი ლარს შეადგენს. 

  • სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 500 ლარით და მეტით.

ჯანდაცვის სამინისტრო, 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დამატებით მიიღებს 65 მილიონ ლარს, უწყების ბიუჯეტი ჯამურად 7 800 000 ლარია. 

  • პენსიონერები 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.
  • ონკოლოგიურ პაციენტებს დაავადების ადრეული კვლევის ხარჯები დაუფინანსდებათ. 

ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია გაიზრდება 1 000 ლარამდე. აქამდე, ყოფილი პოლიციელები და ჯარისკაცები მაქსიმუმ 560 ლარს იღებდნენ. პრემიერის თქმით, თითოეულ ნამსახურებ წელზე, საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება თანხის მოცულობა. 

  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. 
  • 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტიკურად რეპრესირებულთა ყოველთვიური საცხოვრებელი ხარჯების სუბსიდირება გაიზრდება  7-ლარიანი - 40 ლარამდე, 22-ლარიანი - 60 ლარამდე, 44-ლარიანი - 80 ლარამდე. 

მთავრობა საცხოვრებლით უზრუნველყოფს 1000-მდე უსახლკარო, ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც ჰყავს 3 ან მეტი შვილი. პროგრამა იქნება ორწლიანი და ჯამურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 2024 წლისთვის ჯამურად 800 მილიონი ლარი იქნება, დამატებით 150 მილიონი ლარი. 

  • ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე, გამარჯვებული ინვესტორი გამოვლინდება დეკემბერ-იანვარში.
  • აეროპორტების მშენებლობისთვის დამატებითი 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე თელავის აეროპორტი და ვაზიანის აეროპორტის პროექტირება, კვლევების დასრულება. 

ძალოვანი უწყებებისთვის, ახალი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა. თავდაცვის სამინისტრო მიიღებს დამატებით 10 მილიონს, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 50 მილიონს, საიდანაც 30 მილიონი ლარი მოხმარდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენას.

სპორტის განვითარებისთვის გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. აქედან 15  მილიონი მოხმარდება ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი - დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას. 

კომენტარები