მთავრობის სხდომა

კალაძე მოზარდის დაღუპვაზე: ნებართვა არ გაგვიცია – ელექტროხაზი კუსტარულად დააერთეს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

მისივე განმარტებით, მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

"პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ე.წ. ფანჩატურში, თვითნებურად, კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება, თვითნებობა არის უკანონო. არავის აქვს უფლება შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე აწარმოოს მსგავსი ტიპის სამუშაო. მე არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადებები გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება მუშაობს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. 

მინდა გითხრათ ერთი რამ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში. ე.წ. ფანჩატურში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა და მისი დაერთება ამოხდა თვითნებურად. ასევე ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, იცით, რომ ბევრ რეკრეაციულ სივრცეს ვუტარებთ რეაბილიტაციას, განახლებას, ხდება ახალი პარკების მოწყობა, არცერთ სივრცეში აღნიშნულ პავილიონებს არ აქვს ელექტროენერგიის წყარო. არის რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკი , სადაც საჭადრაკო სივრცეები და ამ სივრცეებში არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ფანჩატურებში ელექტროგაყვანილობა არ იყოს გაკეთებული. 

გვინდა შევეხოთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის ტყუილი და ცილისწამება.  მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სივრცე წლების განმავლობაში მიგდებული ყო და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნოდ დავპირდით, რომ იქ მოეწყობოდა სკვერი, მოეწყობოდა სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებს დაესვენათ".- თქვა კალაძემ. 

10 ივლისს, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა. ბიჭი სკვერთან თამაშობდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მოგვიანებით ვაკის გამგეობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი წერდნენ, რომ  ფანჩატურში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტრომოწყობილობა კუსტარულად, უკანონოდ იყო დამონტაჟებული. 

კომენტარები