უსაფრთხოების ოფიცერი უნივერსიტეტში

TDI სესიაშვილს ქსენოფობიური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ ტელეკომპანის იმედის ეთერში გადაცემაში პოლიტიკა გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ირაკლი სესიაშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შსს-ს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრის,  ე.წ „ოდეერის“ არსებობა ქსენოფობიური მოტივით ახსნა და გაამართლა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია, საგანმანათლებო დაწესებულების კონტროლი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა და ისეთი ინსტიტუტის მიერ, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს ექვემდებარება და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მმართველობაში. 

„მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული ხსენებული განცხადება საქართველოში მცხოვრები უცხოელი და ადგილობრივი,  განსაკუთრებით,  მუსლიმური აღმსარებლობის სტუდენტების სტიგამტიზაციის, მარგინალიზების, მათი პოტენციურ საფრთხედ აღქმის, რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნების მიხედვით დისკრიმინაციული გარემოს წახალისებისა და  ქსენოფობიური, შეუწყნარებელი განწყობების გაძლიერების რისკს შეიცავს.  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს ირაკლი სესიაშვილის პოზიციას, მოუწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, მოიხადოს ბოდიში და სამომავლოდ, თავი შეიკავოს ქსენოფობიური რიტორიკისგან.“-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ გუშინ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს და „არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ დავერბოვკება. ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის ოდეერების უნივერსიტეტში ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო.“

 

კომენტარები