ციხის კადრები

პრემიერი: წამების კადრების ჩვენებებში სალუქვაძის მონაწილეობა არ დადასტურდა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეწამყვანებთან შეხვედრისას თქვა, რომ წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებების მოწყობაში გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მონაწილეობაზე ინფორმაცია მოიძია, თუმცა, დამადასტურებელი ვერაფერი იპოვა.

"მე გადავამოწმე არსებობდა თუ არა ასეთი მონაცემები, გურიის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობით. ასეთი მონაცემები ვერ მოვიძიე, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ ჩვენების მოწყობაში. საკადრო ცვლილებები აქამდეც ხორციელდებოდა და აწიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი. თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა ორგანიზებას წამების კადრების საჯარო ჩვენებისა, გიდასტურებთ, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ", - თქვა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გია სალუქვაძის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, ფოთში, ზუგდიდსა და ხობში "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" საჯარო ჩვენებები მოეწყო, რომლებსაც, მათ შორის ბავშვები დაესწრნენ. "ჩვენი ფოკუს-ჯგუფი არ იყო ბავშვები, ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის ამ ფილმის წარდგენა. არანაირი გათვლა იმაზე, რომ ჩვენს ორგანიზაციას, გია სალუქვაძეს - 4 შვილის მამას, რომ ფოთში, ზუგდიდში, ხობში ან სხვაგან დამხვდებოდნენ ბავშვები, ფიქრიც არ შემეძლო და არც იყო ეს ჩემი მიზანი. იქ თუ ბავშვები მოხვდნენ დარბაზში, ამის ორგანიზებას მე ვერ გავაკეთებდი", - ამბობდა სალუქვაძე 2015 წლის მარტში.

2015 წლის მაისში გია სალუქვაძე პრემიერმინისტრმა გურიის გუბერნატორად დანიშნა.

კომენტარები