ციხის კადრები

პროკურატურა: კილაძის გავრცელებულ ციხის კადრების წარმომავლობას შევისწავლით

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ქრონიკა პლუსის დირექტორის ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ციხის კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, "ვიდეომასალაზე დაფიქსირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე მომხდარია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც მიეცნენ პასუხიგებაში და მათ მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი". პროკურატურა აცხადებს, რომ "ვიდეომასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. ციხის კადრების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში". 

ამასთან, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმართა მიმართ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 42 პირის მიმართ.

"პატიმართა წამების ამსახველი, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არაერთი პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირების, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, კერძოდ:

ე.წ. „კარანტინის დაშლის" საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა მიმართ 2013 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმართა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნენ ცნობილი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ალექსანდრე ჯანჯღავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების რეჟიმის სამი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ბორის ფარულავა და გიორგი კვარაცხელია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცრები მანუჩარ ლომთაძე, თემურ ჭაჭია, მათე ელბაქიძე და დავით მეცხოვრიშვილი, ასევე ამავე დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია.

გავრცელებულ ვიდეო მასალაში ასახულ „პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე" საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა 2013 წლის 14 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დასახელებული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ პატიმრის წამების ფაქტზე.

გარდა აღნიშნული ეპიზოდებისა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პატიმართა წამების სხვა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად იქნენ ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, დაწესებულების რეჟიმის კონტროლიორები ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები