რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: R2-ის საქმის მოსამართლე გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული

thedailybeast.com

რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. როგორც გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"რუსთავი ორი წინააღმდეგია, მისი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის არის განსაკუთრებით მოწყვლადი პროკურატურის მიმართ" - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ნათია გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოსგან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება.

"აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. შესაბამისად, ითვისებდა თანხებს უკანანოდ. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა. მაშინდელმა იუსტიციის საბჭოს წევრმა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ემყარება, მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახლადდანიშნულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ამას, ცხადია, მხარი არ დაუჭირეს, ვინაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. უფრო მეტიც, არათუ პროკურატურაში გადაგზავნაზე ეთქვა უარი, არამედ სადისციპლინო დევნის ნაწილშიც უარი ითქვა და სადისციპლინო კომისიას არ გაეგზავნა ეს საქმე, როგორც სამოსამართლო ეთიკის დარღვევაც კი. ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი. ამით დადასტურებულად ჩაითვალა ფაქტები, რომ ქალბატონი გუჯაბიძე, როგორც მინიმუმ, ცრუობდა, მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და მიმდინარეობს ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე. მე მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან კონფიდენციალურობის მოტივით პასუხს არ გაგვცემენ, გაასაჯაროვოს ამ წარმოების ყველა მასალა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი" - ამბობს გვარამია.

მისი თქმით, ინფორმაციის წყარო არის აბსოლუტურად სანდო, რადგან "ამ პროცედურებში თავად აქვს მონაწილეობა მიღებული". თუმცა, მას ვერ და არ გაამხელს.

"დოკუმენტაცია ბურთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოედანზე და ქალბატონი გუჯაბიძის მოედანზე. ამ დოკუმენტაციის გამოთხოვას აზრი არ აქვს, რადგან კონფიდენციალური და მას იცავს კანონი, მაგრამ ამ პრივილეგიის დარღვევა შეიძლება მაღალი საჯარო ინტერესით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხრიდან, და აბსოლუტურად თავისუფალია ამ პრივილეგიის დარღვევაში ქალბატონი გუჯაბიძე. გამოვიდეს და მოყვეს, რაში იყო საქმე. რატომ მოატყუა სახელმწიფო, რომ არ აქვს ბინა, რატომ მიიღო სახელმწიფოსგან შესაბამისი ანაზღაურება და რატომ ქირაობდა დედის ბინას და თუ დედას ბინა აქვს, რატომ ცხოვრობდა დედის ბინაში ისე, რომ მას ფულს უხდიდა. ცხადია, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან, სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან. ასეთი მოწყვლადი და თაღლითი მოსამართლე ჩვენს საქმეში არ გვჭირდება" - განაცხადა გვარამიამ.

ტაბულა მთავარი პროკურატურის კომენტარის მოპოვებას ცდილობს, თუმცა, პრესსამსახური ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კომენტარები