რუსთავი 2-ის საქმე

საია: გუჯაბიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. საია-ს შეფასებით, გუჯაბიძის ქმედება, დადასტურების შემთხვევაში, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ, მოსამართლისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას. ამასთან, საია აღნიშნავს, რომ ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაციით, ნათია გუჯაბიძე ბინას დედისგან ქირაობდა, რისთვისაც ანაზღაურებას სახელმწიფოსგან იღებდა.

"ზემოაღნიშნული ფაქტი და მასთან დაკავშირებით გაკეთებული იუსტიციის საბჭოს განმარტება, რომელმაც სათანადოდ ვერ გააბათილა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები, საფრთხეს უქმნის სასამართლოს რეპუტაციას, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიმდინარე დავის მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად განხილვის შესაძლებლობას.

შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამომწურავად და სრულყოფილად გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. ამასთან, კანონით დადგენილი წესით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით; ასევე, შესწავლის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ადეკვატური და კანონთან შესაბამისი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე განხორციელებული რეაგირება.

ამასთან, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა არ უნდა გაგრძელდეს იმ სასამართლო შემადგენლობის მიერ, რომლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ კითხვები არსებობს", - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აღძრავს ეჭვებს სასამართლო ადმინისტრირების სისტემაში მანკიერი პრაქტიკის არსებობის თაობაზე, მათ შორის, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმართულებით.

"ერთი მხრივ, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასათანადო რეაგირება შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე, მეორე მხრივ, შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა შესაბამისი ორგანოებისათვის - საქმის გამოუძიებლად დატოვება განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ იმ პირობებში, როცა ნებისმიერ დროს შესაძლებელია საქმეზე დაიწყოს გამოძიება - მოსამართლეს აქცევს მოწყვლადად, როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე ხელისუფლების სხვა შტოებისთვის და საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.

მსგავსი შემთხვევები სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც კონკრეტული მოსამართლის, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ადმინისტრირების მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარების აუცილებლობას", - აცხადებს საია.

კომენტარები