წყნეთის სამთავრობო აგარაკები

ქუმსიშვილი: ისევ აგარაკებზე მეკითხებით? ინვესტორს არ გეტყვით კონფიდენციალურია

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკების იჯარით გაცემის პროცესი შეაჩერა, ამ გადაწყვეტილების გამო სახელმწიფო იქ მცხოვრები მოიჯარეების გასახლებას გეგმავს. იჯარების შეწყვეტას მინისტრთა კაბინეტში ტერიტორიის გასასხვისებლად მომზადებას უკავშირებენ. ტაბულას კითხვას თუ რომელი კერძო ინვესტორია დაინტერესებული ტერიტორიის შესყიდვით ეკონომიკის მინისტრი არ პასუხობს და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ტიპის ინფორმაციაა და სამინისტრო მას არ გაამხლეს.

"კიდევ აგარაკებზე მეკითხებით? არა ინვესტორს არ მოგახსნებეთ. იმიტომ რომ ინტერესთა გამოხატვას, რომელსაც გამოვაცხადებთ იქ სხვადასხვა ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და მას ვერ გავხსნი, რომ ერთმანეთს არ მოელაპარაკონ." - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო იქ მცხოვრები პირებისგან აგარაკების დაცლას იმ მოტივით ითხოვს, რომ ტერიტორია ისევე სამთავრობო აგარაკებად აქციოს.

"რა წუთიდანაც ტაბულა ჩაერთო, ნათქვამი მაქვს ძალიან ცხადად, რომ არ ვაპირებ იმ აგარაკით სარგებლობას, მაგრამ ყველანაირად შევუშლი ხელს ამ მთავრობას, რომ იქიდან წვრილშვილიანი ოჯახები გამოასახლონ და თუ ამას იზამენ და ისევ სამთავრობო ზონად გადააკეთებენ, მაშინ მოუწევთ, ახსნან, რატომ ლანძღავდნენ წინა ხელისუფლებას იმისთვის, რასაც თვითონ ბევრად უარესად აკეთებენ. წინა ხელისუფლება იქ სხვისი შვილების გამოყრის ხარჯზე არ ასულა. ბუნებრივია, შიდა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებდა ასვლას და აპირებს. კარგი იქნება, თუ დღევანდელი განცხადებების შემდეგ ვეღარ ავლენ, მაშინ საკუთარ ბრალდებებზე გადახტომა მოუწევთ",- ამბობს ჩერგოლეიშვილი.

წყნეთის აგარაკები 2015 წლიდან საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შესული, თუმცა ამ გარემოებას აქამდე მისი შენობების ნაწილის გაქირავებისთვის ხელი არ შეუშლია.გასული სამი წლის განმავლობაში წყნეთის აგარაკები აუქციონის წესით ქირავდებოდა და ვინც მეტს იხდიდა, ის სარგებლობდა. 100 500-მდე კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მთავრობა 21 მილიონ დოლარად ყიდის, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ინვესტორი ამ ობიექტით ისე არ დაინტერესებულა, რომ მასზე საჯარო აუქციონი გამოცხადებულიყო. ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ამ ქონების პრივატიზაცია მის იჯარით გაცემასთან შედარებით გაცილებით მომგებიანია, ამიტომაც უპირატესობა ქონების გაყიდვას მიენიჭა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეს ქონება აუქციონზე გატანილი არაა, უცნობია, რატომ თქვა სახელმწიფომ ქონების იჯარიდან მიღებულ გარკვეულ შემოსავლებზე უარი.

კომენტარები