ვარშავის სამიტი

პრეზიდენტი: ვარშავის სამიტზე საქართველოს ზურგს ერთობლივი დეკლარაცია უმაგრებს

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველო ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარდგა. დოკუმენტში საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს NATO-ს წევრი. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია. დეკლარაციას ხელს აწერენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დოკუმენტზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერებიც არის.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO-ს კურსის ურყევი ნება.

"ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო, აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ", - ამბობს მარგველაშვილი.

NATO-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტი პოლონეთში იმართება. მასში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია იღებს.

NATO-ს წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონის განლაგების გეგმას. ვარშავის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე. გარდა ამისა, სამიტზე NATO მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

კომენტარები