ბრიუსელის აეროპორტი

ბომბის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ბრიუსელში ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ ჩაფრინდა

FRANCOIS LENOIR / reuters

ბომბთან დაკავშირებულ საფრთხეზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბრიუსელის ზავენტიმის აეროპორტში ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. ამის შესახებ Reuters-ი ბელგიის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით წერს. 

სახელმწიფო პროკურორის თქმით, მისმა უწყებამ მიიღო ინფორმაცია აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ და გამოძიება დაიწყო. პროკურორი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბომბის გაუვნებელყოფისთვის აეროპორტში რაზმი არ გამოუძახებიათ. 

აეროპორტის პოლიციის სპიკერის თქმით კი, აეროპორტში პრობლემა არ შექმნილა. მისივე ცნობით, ადგილზე ბომბთან დაკავშირებული განგაში არ ყოფილა. 

ბელგიის მაუწყებლის რეპორტიორმა twitter-ზე დაწერა, რომ პილოტმა ბომბის საფრთხეზე ინფორმაცია დაფრენამდე ოცი წუთით ადრე მიიღო. მისივე თქმით, მგზავრები ინფორმირებული იყვნენ საფრთხის შესახებ. 

ამასთან, ბელგიური მედიის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მარტში, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურზე მოწყობილ სისხლიან ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები