ტერორიზმის მცდელობა

ომბუდსმენი: შესაძლოა, ტერორიზმში ბრალდებულს დაკავებისას არასათანადოდ მოეპყრნენ

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, შესაძლებელია, ტერორიზმში ბრალდებულ ბექა ბექაურს სამართალდამცველები არასათანადოდ მოეპყრნენ. გარდა ამისა, ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად, ბრალდებულს დაახლოებით 11 საათის განმავლობაში არ გაეწია არანაირი სამედიცინო დახმარება, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, მიუთითებდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველი მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები, ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.

"2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს შვიდი მოქალაქე, რომელთაც ბრალად ედებათ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქების მომზადება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული პირის ოჯახის წევრის განცხადებით, ბექა ბექაური დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავების დროს, რაც გახდა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენების მიცემის საფუძველი.

საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, ჩემი რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შესძლეს ბრალდებულთა მონახულება, რაც სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს. სამწუხაროდ გუშინ, ახლადნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ჩემს წარმომადგენლებთან საუბარი ვერ მოახერხა.

ჩვენ ბექა ბექაური დღესაც მოვინახულეთ და გამოვკითხეთ, ასევე, მოვიპოვეთ ჰოსპიტალიდან და თბილისის N1 იზოლატორიდან ბექა ბექაურის სამედიცინო დოკუმენტაცია. ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას, კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები. ამასთან, ბექა ბექაურის მტკიცებით, ის დააკავეს 2016 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 12:00 საათზე, და მიუხედავად თავის ქალის ღია ჭრილობისა და მარცხენა მტევნის დაზიანებისა, ღამის დაახლოებით 11:00 საათამდე მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.

სამედიცინო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ბექა ბექაური დაახლოებით 23:00 საათზე შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, ვერ მიიღო იზოლატორმა არსებული მრავლობითი დაზიანებების გამო. ბრალდებული ორჯერ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საბოლოო ჯამში ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა" - აცხადებს სახალხო დამცველი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგისტრალური მილსადენის აფეთქების მცდელობისთვის დაკავებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ახნა გარემოებით, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, დაკავებულებს კი გამოძიების პროცესის ხელის შეშლა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირება შეუძლიათ. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე არასანქცირებული სატელეფონო მოსმენები გამოიყენა, რაც ამ მტკიცებულებების არადასაშვებად ცნობის საფუძველს იძლევა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. იზორიას თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ ვინ იყო ამ პირებისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის დამკვეთი.
 

დაკავებულთა ადვოკატი მაია ჭრელაშვილი საქმის გარემოებებზე საუბრობს, მისი თქმით, ბექა ბექაური და კიდევ ორი დაკავებული არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან". ადვოკატის თქმითვე, ბექაური აღიარებს, რომ აქტი ქვეყანაში მხოლოდ რუსული ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ის, რასაც დაკავებულები რუსულ ობიექტს უწოდებენ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენებული მაგისტრალური მილსადენია. ეს მილსადენი სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი წყაროა, საქართველოზე კი მისი 221-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის.

საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები