არაფორმალური მმართველობა

წულაია: ივანიშვილის ფორმალური მმართველობა რაში გამოიხატება, უცნობია

ტაბულა

ქართული ოცნების ახალმა სახემ, დიდუბის #16 ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ილია წულაიამ ტაბულას კითხვაზე, აქვს თუ არა კითხვები ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, თქვა, რომ მისთვის "სრულიად უცნობი და წარმოუდგენელია", არაფორმალური მმართველობა რაში გამოიხატება.

"ქართულ ოცნებასთან შეერთების ჩემი მთავარი მოტივატორი იყო თავისუფლების ხარისხი, რომელიც როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის და მმართველობის, არის ძალიან მაღალი. არ ვიცი, რა მმართველობაზე საუბრობთ თქვენ, მაგრამ მე პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, პირადად არასოდეს შევხვედრივარ და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით და მისი არაფორმალური მმართველობა რაში გამოიხატება, აბსოლუტურად უცნობი და წარმოუდგენელია", - ამბობს წულაია.

ტაბულა დაინტერესდა, თუ არის რაიმე სფერო, რასთან დაკავშირებითაც ილია წულაია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კომპეტენტური და მის რჩევას გაითვალისწინებს. წულაიამ თქვა, რომ ის ივანიშვილს პირადად არ იცნობს და, შესაბამისად, ვერც მის რჩევას გაითვალისწინებს.

"ადამიანს, პირველ რიგში, უნდა იცნობდე, რომ გირჩიოს. ის არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, ყველაზე მდიდარი ქართველი და პატივსაცემი ადამიანი. მე არ ვიცნობ და რჩევა როგორ უნდა გავითვალისწინო? ადამიანს უნდა იცნობდე, რომ რჩევა მოგცეს", - თქვა წულაიამ.

ტაბულას კითხვაზე "მოქმედი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ხშირად ითვალიწინებს ივანიშვილის რჩევებს. არ მიგაჩნიათ, რომ ეს არაფორმალური მმართველობის ნიშნებია?", ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა თქვა, რომ მოქმედი პრემიერი ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

"თვითონ გადაწყვეტს მოქმედი პრემიერმინისტრი, გაითვალისწინოს თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის რჩევა, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია და თვითონ გადაწყვეტს. ის პირადად იცნობს და როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე გააკეთებს", - აღნიშნა ილია წულაიამ.

კომენტარები