დემურ სტურუას საქმე

გურჩიანი: სტურუას საქმეზე სახელმწიფომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს


დემურ სტურუას საქმე ისეთ ზღვარს მიუახლოვდა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც არ იქნებოდა საკმარისი და რატომ: ჯერ ფაქტები - სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო 22 წლის ადამიანმა; ბრალდებული პოლიციელი არც მეტი არც ნაკლები გამოძიებას ემალება; საქმეში მოწმედ დაკითხულმა ერთ-ერთმა პირმა გარდაცვლილის დედას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და ვინც დღეს კურიერს უყურა, შეეძლო ეს დაზიანებები საკუთარი თვალით ენახა. ახლა თითოეული ფაქტის შეფასება: ელემენტარული სამართლებრივი სტანდარტია ის, რომ როცა ადამიანი პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება, არცერთი ეჭვი პოლიციის სასარგებლოდ არ უნდა გადაწყდეს; მაგრამ აშკარაა, რომ ბრალდებული პოლიციელი ამ პრივილეგიით სარგებლობს და ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია დარჩენილია არამხოლოდ ფხიზელი და სკეპტიკური მეთვალყურის გარეშე შიგნით თუ გარეთ, არამედ მშვიდი და უფუნქციო პროკურატურისა და სასამართლოს ამარაა. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაასამარებს არამხოლოდ პოლიციის მიმართ ნდობას და მის რეპუტაციას, არამედ თავად პოლიციას; ისიც ელემენტარული სამართლებრივი სტანდარტია, რომ ასეთი საქმეების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება აუცილებელია, რათა მომავალში მსგავსი საქმეების თავიდან აცილება შესაძლებელი იყოს. თუმცა, მერწმუნეთ, არაფერი უხარია სამართალდამცავ სისტემას ისე, როგორც ჩვენი მოთხოვნა გამოძიების დაწყების შესახებ. სამართალდამაცავი სისტემა გვაიძულებლს მოვითხოვოთ ის, რაც უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეს. იმისათვის, რომ არ გააკეთოს ის, რაც რეალურად გასაკეთებელი აქვს; გასაგებია, რომ ჭეშმარიტება ჯერ არ დადგენილა, მაგრამ ის სავარაუდოდ არც დადგინდება, თუკი ჩვენ სახელმწიფოს უფლება მივეცით: ა. მისმა გამოძიებამ არ დააკმაყოფილოს ელემენტარული ობიექტურობის კრიტერიუმი და არ დაიცვას დაზარალებულები; ბ. ადამიანის უფლებების დაცვა დაუკავშიროს მათ სოციალურ სტატუსს; გ. ამოეფაროს დრომოჭმულ და სასტიკ ნარკოპოლოტიკას და დანაშაულის აღკვეთის და თავიდან აცილების ნაცვლად, ადამიანებზე ინადიროს. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს ყველა თავმოყვარე მოქალაქემ სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს არა გამოძიება, არამედ პასუხისმგებლობა. ამ ხელისუფლების ყველაზე კარგი წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნებოდა ამ საქმეზე

იურისტი თამარ გურჩიანი facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები