დემურ სტურუას საქმე

სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გაამართლა

sadarismelia/Fb.com

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს.

"გოდერძი თევზაძე თავისუფალია, ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - წერს ადვოკატი Facebook-ში.

დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში თავი მოიკლა. გარდაცვლილი დატოვებულ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდა. ამასთან, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ნაწამებია. ოჯახის წევრების ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ გარდაცვლილს დაზიანებები ენასა და მარჯვენა ფეხზე აღენიშნება.

დემურ სტურუას თვითმკვლობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას 13 სექტემბერს ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე ბრალს არ აღიარებდა.

კომენტარები