ქონებრივი დეკლარაცია

კახა კალაძე არადეკლარირებული კომპანია მაქს-ბეთის 100%-იან წილს ფლობს

ტაბულა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მეორე ნომერი კახა კალაძე არადეკლარირებული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 13 სექტემბრისთვის კახა კალაძე შპს მაქს-ბეთის მფლობელია, ეს კომპანია კი მის ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება. 

ფაქტი, რომ კალაძე არადეკლარირებული კომპანიის მფლობელია, 2016 წლის აპრილში რუსთავი 2-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა. მაშინ კალაძე ვერ იხსენებდა ამ კომპანიის შექმნის თარიღს, მიზანსა და სხვა დეტალებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული არადეკლარირებული კომპანიის შესახებ გახდა ცნობილი, რაც თავის მხრივ სამართალდარღვევას წარმოადგენს, კალაძეს არაფერი მოუმოქმედებია იმისთვის რომ კომპანიის წილები გაეყიდა ან ქონებრივ დეკლარაციაში არსებული შეცდომა გაესწორებინა. 

შპს მაქს-ბეთი 2006 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს ვიცეპრემიერი ფლობს, თუმცა კალაძემ ის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. კომპანია მაქს-ბეთი მევალეთა რეესტრშიც ირიცხება, რადგანაც მას ბიუჯეტის წინაშეც აქვს დავალიანება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსება და ინფორმაციის დამალვა, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შპს მაქს-ბეთი
ფოტო: napr.gov.ge

კომენტარები