საკონსტიტუციო კომისია

უსუფაშვილი: ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო

government.gov.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ხელს ქართული ოცნება უშლიდა. მისი თქმით, ყველასთვის ხელმისაწვდომია დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ დოკუმენტების უმეტესობა რესპუბლიკელების მომზადებულია.

"სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ორმაგად ვწუხვარ, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოვისმინეთ, რომ თურმე თითი თითზე არ დაგვიკარებია... ფაქტები შემდეგია - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმუშავა არა ოთხი წლის განმავლობაში, არამედ წელიწადი და 7 თვის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში კომისიაში შეიქმნა ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ყველა დაინტერესებულ პირს გთავაზობთ, შეხვიდეთ საქართველოს პარლამენტის ვებგვრდზე, ნახოთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დოკუმენტები და თქვენი თვალით ნახოთ და დარწმუნდეთ, ვინ არის ამ დოკუმენტის ავტორი. ამ დოკუმენტის ნახევარზე მეტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის და რესპუბლიკელების მიერ. ეს არის ფაქტი. ამ დოკუმენტში იპოვით 2-ჯერ ან 3-ჯერ პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის ნაღვაწს. დანარჩენი აქ არის არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და რესპუბლიკელების წინადადებები. ეს არის თითის თითზე არ დადებული?" - განაცხადა უსუფაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ იმავე ვებგვერდზეა განთავსებული სხდომებზე დასწრების სიას და „ვნახოთ, ვინ დადიოდა სხდომებზე და ვინ არა“. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ, რომ „მას დე-ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ამ ქვეყანაზე არაფერი არ აღელვებდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა, და ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა ეს ქვეყანა სამართავად და სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე".

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა დოკუმენტი, სადაც, უსუფაშვილის თქმით, წერია, რომ კოალიციას არ ჰქონდა ერთიანი პოზიცია გარკვეულ საკითხებზე.

"იმის დასამტკიცებლად ან სამტკიცად, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, რომ მე წელიწად-ნახევარი კი არ ვიჯექი და ველოდი, რა მოხდებოდა, არამედ ძალიან აქტიურად ვმუშაობდი შიგნით გუნდში, დღეს მხოლოდ ერთი დოკუმენტი წამოვიღე. ეს არის ჩემს მიერ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთვის შეთავაზებული საკითხები სასწრაფოდ განსახილველად", - თქვა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მან პოლიტსაბჭოს წევრებს რამდენჯერმე შესთავაზა პოზიციების ჩამოყალიბება, მათ შორის, წერილობით. მისი ცნობით, "რეაქცია იყო ნული".

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ სურს, „ქართველი ხალხი უავტორიტეტო ლიდერების ანაბარად დარჩეს“.

"სირცხვილია, ბატონო ბიძინა. ამის მთქმელს სხვას აღარაფერს დაგიჯერებთ ქართველი ხალხი და არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარად. ისედაც ძალიან დიდია ვაკუუმი პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები