ქონებრივი დეკლარაცია

პრემიერს დეკლარაციების სისტემა მოსწონს, კალაძე კი არადეკლარირებულ კომპანიას ფლობს

facebook.com/kakhakaladzeofficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ოცნების ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, წარმატებულ ნაბიჯებად შეიძლება შეფასდეს ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელიც ქონებრივი დეკლარაციების ეფექტურ მონიტორინგს მოიცავს.

"შევქმენით ქონების დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა", - ამბობს კვირიკაშვილი. პრემიერის ამ განცხადების მიუხედავად, ქართული ოცნების მეორე ნომერი კახა კალაძე არადეკლარირებული კომპანიის 100%-ის მფლობელია. 21 სექტემბრის მდგომარეობით, კახა კალაძე შპს მაქს-ბეთის მფლობელია, ეს კომპანია კი მის ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება. 

ფაქტი, რომ კალაძე არადეკლარირებული კომპანიის მფლობელია, 2016 წლის აპრილში რუსთავი 2-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა. კალაძემ შპს მაქს-ბეთი არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსება და ინფორმაციის დამალვა, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები