2016 წლის არჩევნები

ენმ 2 ოქტომბერს აქციას მართავს და მოუწოდებს ოცნებას აქციის თარიღი დაასახელოს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს თბილისში აქციის გამართვის თარიღი დაასახელოს. რადგან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკვე დაგეგმილი აქვს 2 ოქტომბერს მასშტაბური აქცია თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებზე რუსთაველის გამზირის ჩათვლით.

„მოგეხსენებათ საარჩევნო კამპანია დასკვნით ეტაპზე გადადის და ყველა პარტია განსაკუთრებულ მზადებაშია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ემზადება გამარჯვებისთვის და სწორედ ამ სულისკვეთებით, 2 ოქტომბერს მაშტაბურ აქციას ვგეგმავთ თბილისის ცენტრში, რომელიც თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედნებს მოიცავა, ბუნებრივია რუსთაველის გამზირის ჩათვლით. ჩვენთვის კულუარულად ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ქართული ოცნება იმავე ადგილას მსგავსი აქციის ჩატარებას გეგმავს, ამ ინფორმაციის წყარო არის, პირველი ის, რომ ყველა ჩვენი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას ცდილობს, სადაც მათ ეუბნებიან, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება ქართული ოცნების მიერ 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილია, რათა ისინი თბილისში ჩამოვიდნენ. მეორე წყაროს მიხედვით კი თითქმის ყველა საჯარო სამსახურში ამ თარიღისთვის გაფრთხილებულები არიან. ქართულ ოცნებას მოვუწოდებ ერთი დღის ვადაში დაასახელოს თარიღი, როდის აპირებს ჩაატაროს აქცია, რადგან ჩვენ 2 ოქტომბერს ვაპირებთ აქციის ჩატარებას და შეუძლებელია ერთ ქალაქში, ერთი და იგივე ადგილას გაიმართოს ორი პოლიტიკური პარტიის სამშვიდობო აქცია.“  

კომენტარები