არჩევნები 2016

კობახიძე GFK-ის კვლევაზე: რუსთავი 2-მა ბოდიში მოიხადოს სიყალბის ტირაჟირებისთვის

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-მა გააყალბა არა მარტო პარტიული რეიტინგები, არამედ ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიც იმის შესახებ, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 30%-იანი რეიტინგი. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს სიტყვები სრულიად სხვა კონტექსტში თქვა, თუმცა რუსთავი 2-მა ყალბი ფორმით გაავრცელა. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი გულისხმობდა იმას, რომ ენმ-ს მხარს უჭერს 150-200 ათასი ადამიანი, რაც 30%-ზე ბევრად ნაკლებია. ირაკლი კობახიძის თქმითვე, „გაყალბებული რეიტინგები ენმ-ის რევოლუციური სცენარის ნაწილია".

„გარდა ამისა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, ქართული ოცნების წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30% რეიტინგი ნაციონალური მოძრაობის შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს რეალურად ვერ მიაღწიეს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30% მაჩვენებელი ნაციონალური მოძრაობის არის მთლიანად აცდენილი რეალობას. კიდევ ერთხელ, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება, საბოლოო ჯამში, ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს ჩვენ რუსთავი 2-ის მეშვეობით. ეს კვლევა, მოგეხსენებათ, ჩაატარეს ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, საველე სამუშაოები სწორედ მის მიერ ჩატარდა. ჩვენ, ზოგადად, მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, რუსთავი 2-ის მხრიდან, მისი ხელმძღვანელობით სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. მათ შორის, ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსთავი 2-ს, ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის", - თქვა კობახიძემ.

ცნობისათვის, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, მათგან, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას აპირებს, ქართულ ოცნებას ხმას 25.4% მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26%, ლეიბორისტულ პარტიას 3.8%, თავისუფალ დემოკრატებს 3.6%.

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და თავისუფალი ზონის წევრი ბესო კალაძე, რომელმაც ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ დატოვა, ამბობენ, რომ რუსთავი 2-მა GFK-ის ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მონაცემები გააყალბა. მათი თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 12,5%, ხოლო ქართულ ოცნებას - 25,4% აქვს. რამიშვილმა და კალაძემ იმის დასადასტურებელად, რომ რუსთავი 2-მა GFK-ის კვლევის შედეგები გააყალბა, 2 ფურცელი წარადგინეს, რომელთაგან არცერთს არც ბეჭედი და არც ხელმოწერა არ აქვს.

კომენტარები