არჩევნები 2016

იმედის კვლევა: ქართული ოცნება - 36% , ენმ - 13%, თავისუფალი დემოკრატები - 4%

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ქართულ ოცნებას 36% დაუჭერს მხარს, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 13%. სოციოლოგიური კვლევა „იმედის" დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. შედეგები კი, ორ დღეში, 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.8%-ია. საველე სამუშაოები კვლავ კომპანია „გორბიმ" ჩაატარა.

კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას 59% აპირებს. ხმები კი, ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნება" - 36%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%, თავისუფალი დემოკრატები - 4%, ლეიბორისტული პარტია - 3%, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 2%, პატრიოტთა ალიანსი - 2%, „ ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 2%, ხოლო სხვა პარტიებს - 2%. კვლევის თანახმად, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე ამომრჩეველთა 36%.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს ორ საარჩევნო სუბიექტს - ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

იმედის დაკვეთით კვლევის კითხვარი ამერიკულმა კომპანია JPM-მა შეადგინა. ამ კომპანიის შესახებ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ JPM-ის ყოველწლიური შემოსავლები $250 ათასამდეა და მას მხოლოდ ერთი დასაქმებული ჰყავს, ეს კომპანიის დირექტორი ჯონ მორეირაა. JPM სხვა კვლევით კომპანიებთან შედარებით, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს იკვლევენ, გაცილებით მცირე ზომისაა. აგვისტოში მოსახლეობის აზრის კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა კომპანია GFK-იმ, რომელიც JPM-ს თანამშრომელთა რაოდენობით 1000-ჯერ შემოსავლების მოცულობით კი 1300-ჯერ აღემატება.

JPM არც ყველაზე გავლენიანი და წარმატებული კვლევითი ორგანიზაციების ორმოცდაათეულში არაა. კომპანიის შემოსავლები ყველაზე გავლენიანი კომპანიების სამეულთან (Nielsen, IMS, Kantar) შედარებით 7 ათასჯერ, დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 6 ათასჯერ ნაკლებია. ორმოცდაათეულის ბოლო სამეულთან შედარებით კი JPM თანამშრომელთა რაოდენობით 50-ჯერ, შემოსავლებით კი დაახლოებით 65-ჯერ მცირეა.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც იმედის დაკვეთით მოსახლეობა გამოკითხა

კომპანია GORBI რომელმაც 15-24 სექტემბრის შუალედში საქართველოს მასშტაბით, 1 187 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის. Gorbi ასევე არჩევნების დღეს კომპანია TNS-თან ერთად იმედის, GDS-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტპოლის ჩატარებასაც გეგმავს. ფაჩულიამ ეგზიტპოლის პრეზენტაციის დღეს იმედის კონკურენტი ეგზიტპოლის დამკვეთი ტელეკომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს დაცინვით მიმართა

მერაბ ფაჩულიას ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TriMedia Intelligence-იც, რომლის რეიტინგებსაც ტელევიზიების ნაწილი ნდობას არ უცხადებს. ტელევიზიებში ფიქრობენ, რომ TriMedia Intelligence-მა რეიტინგების გამზომი ხელსაწყოები ანუ ფიფლმეტრები დაამონტაჟა ოჯახებში, რომელთა შერჩევაც არ ასახავს რეალურად ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიის შემადგენლობას. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ბაზარზე ახალი სარეიტინგო კომპანია ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა. თავად მერაბ ფაჩულია ბიძინა ივანიშვილთან მისი ბიზნესის კავშირს უარყოფს.

TriMedia-ს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტიც აქვს, რადგანაც ის ზომავს მისი თანამფლობელის გოგა თევდორაძის ტელეკომპანია პალიტრა ტვ-ის რეიტინგებსაც.

კომენტარები