საქართველოს მთავრობა

მთავრობა დიასპორის სამინისტროს ლიკვიდაციაზე მსჯელობს

საქართველოს მთავრობა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციაზე მსჯელობს. მინისტრთა კაბინეტის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერის თქმით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მთავრობის წევრები განიხილავენ "დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" მთავრობის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ გასატარებელ ღონისძიებებს.

"ბატონი გელა დუმბაძე უბრუნდება დიპლომატიას. ჩვენ ვაკეთებთ სტრუქტურულ ცვლილებას და საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება გაერთიანებული ეს უმთავრესი მიმართულება. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ისედაც რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ მიმართულებას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ამ შემადგენლობით საქართველოს მთავრობა ბოლო სხდომას მართავს. ხვალ მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ამის შემდეგ, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

კომენტარები