დღეს 90 წლის ასაკში კუბის ექსპრეზიდენტი და რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში, მართავდა, ამ პერიოდის მანძილზე, 1963 წელს ის საქართველოშიც იმყოფებოდა.
კუბის სარაკეტო კრიზისიდან ნახევარი წლის შემდეგ 1963 წლის აპრილ-მაისში ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიწვევით საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოშიც იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კუბა-საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოება იყო, მასზე გადაწყდა, რომ კუბა გაზრდიდა შაქრის წარმოებას, რასაც მომავალში საბჭოთა კავშირს მიაწვდიდა, ამავდროულად საბჭოთა კავშირმა გამოთქვა მზადყოფნა რომ კუბისთვის ნავთობი შეღავათიანი ტარიფით მიეწოდებინა, ასევე გაფორმდა შეთანხმებები საბჭოთა შეიარაღების კუბისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ.
ფიდელ კასტრო საქართველოში, კონკრეტულად კი გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში იმყოფებოდა, აქ მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ მიხეილ ბზაგბჰამ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ხრუშჩოვმა კასტროს ბირთვული წყალქვეშა ნავები და ციმბირში მშენებარე ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერებინა.